სამართალი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 74-ე შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრას განსაკუთრებული სტუმრის რანგში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დაესწრო.

  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქ. ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ხსენებული პირის მიმართ არსებული "ბრალდებები" არის გამოგონილი, ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული და შესაბამისად, აუცილებელია მისი უმოკლეს ვადაში უპირობო გათავისუფლება. საუბარი შეეხო ასევე იმ პრობლემებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავაც ექმნება უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართების, ღობეების და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით.

  “ჩვენი მთავარი მიზანი არის, დავეხმაროთ ადამიანებს, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და ჩვენი წარმომადგენლები ეხმარებიან მათ ამ მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა სებასტიან კურცმა.

  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 2 მარტს გაიმართება.