აქტუალური
"რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმას დედაქალაქის მერიამ 1 მილიონი ჩაურიცხა

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარემ ნატა ნაზღაიძე რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ახლახან კი მისმა ძმამ  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო.

  თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ მოსამართლის ოჯახს თბილისის მერიამ თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებული 5000 კვადრატული მეტრი მიწა ხუთი დღის წინ გადაუფორმა. 129 ათასი ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარავად მისცა, კიდევ 43 ათასი დოლარი – საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

  როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არ იცის, რისთვის აძლევს ერთ მილიონს იმ მოსამართლის ოჯახს, ვინც “რუსთავი 2”-ის საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილა. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი აბესაძის განმარტებით, ნატა ნაზღაიძის ძმა 2013 წლიდან ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის ზონაში მოექცა და შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა, თუმცა მერიამ მაინც გადაწყვიტა, რომ ნაკვეთი სასწრაფო წესით გამოესყიდა. აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი ამბობს, რომ მილიონი მოსამართლის ოჯახს კომპენსაციის მიზნით მისცეს... რაც შეეხება მოსამართლის ძმას ზვიად ნაზღაიძეს, სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტების კითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ „არ იცის, რა გარიგების სანაცვლოდ აძლევს მერია ნახევარ მილიონ ნაღდ ფულს და კიდევ ნახევარი მილიონის ქონებას“.