საზოგადოება
2017 წლის იანვარში ქართული ღვინის ექსპორტი 184 პროცენტით გაიზარდა, საიდანაც ნახევარზე მეტი ტრადიციულად რუსეთზე მოდის

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით  აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ  მაჩვენებელზე.

  „იანვრის თვეში ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ის და ასევე ტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის -  ზრდამ 2015 წელთან შედარებით 40%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

  იმპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (2 861 471 ბოთლი), უკრაინა (402 858), ჩინეთი (372 440), პოლონეთი (156 302) და ყაზახეთი  (106 284).