პოლიტიკა
ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობას მოაქვს! - პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ ევროპარლამენტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს:

  „მივესალმები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელი გულით ვულოცავ დღევანდელ დღეს - დღეს, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების გზაზე. ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე.

  ჩვენ  განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობას მოაქვს.

  ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, თითოეულ ჩვენგანს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის.

  სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად  ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.