აქტუალური
პროკურატურის განცხადება მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

  „2017 წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე.

  გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. წერილობით შეტყობინებებში,  რომლებიც მოსამართლეებმა  წარმოადგინეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იკვეთებოდა  მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. 

  ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხულია განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები.  გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში“.