აქტუალური
პროცედურული ნაბიჯები გაზაფხულისთვის დასრულდება - სოფო კილაძე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

   საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოს მოსახლეობას  ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერას ულოცავს.

  “გილოცავთ და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს იყო მათი ძალიან დიდი სურვილი, ძალიან დიდი მიზანი, რომ ჩვენ დღეს ვყოფილიყავით ამ გადაწყვეტილების მომსწრე. ეს ჩვენს მოსახლეობას გაუხსნის ძალიან ფართო გზას, როგორც ადამიანური ურთიერთობისთვის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპაში სწავლის სურვილის მქონე ახალგაზრდებისთვის“, -  განაცხადა კილაძემ.

  გუშინ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიანიჭა ყოველ ნახევარ წელიწადში 90 დღე უვიზოდ გაატაროს შენგენის ქვეყნებში. აეროპორტის სასაზღვრო პუნქტში აუცილებლად წარსადგენი სასტუმრო ჯავშნის, უკანდასაბრუნებელი ბილეთისა და ვალუტაში აუცილებელი თანხის (დღეში დაახლოებით 25 ევრო) მიუხედავად, მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას გაფრენაზე, თუ მასთან პრეტენზიები აქვს საქართველოს ან სხვა რომელიმე ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს.

  უფრო ხანგრძლივი ვადით შენგენის ქვეყნებში ყოფნა ითვალისწინებს საელჩოს ვიზის წარდგენას, როგორც უწინ.