საზოგადოება
ბათუმში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

gaficva2ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები მერიის მიერ 14 იანვარს კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აღნიშნული კონკურსი მიკროავტობუსების ტექნიკური გამართულობის შემოწმების მიზნით ჩატარდა.

ერთ-ერთი მთავარი პირობა ტრანსპორტის ასაკია. მიკროავტობუსები, რომლებიც, 16 წელზე მეტია, ექსპლოატაციაშია, კონკურსზე არ დაიშვება. მერიის წინ დღეს შეკრებილი მძღოლების პროტესტის თემას სწორედ აღნიშნული პუნქტი წარმოადგენდა.

ისინი აცხადებენ, რომ შეიძლება ტრანსპორტის გამოშვების თარიღი კონკურსის პირობას არ შეესაბამება, მაგრამ ტექნიკურად გამართული იყოს, ამიტომ ასეთი ტრანსპორტი არ უნდა შეიზღუდოს. გარდა ამისა მძღოლები მოითხოვენ, რომ მათ ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად გარკვეული ვადა უნდა მიეცეთ.

აქციაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბათუმის საკრებულოს წევრებიც. ისინი მერიის გადაწყვეტილებას მძღოლებთან ერთად აპროტესტებდნენ.