პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაიერ-ჰარტინგს შეხვდა.

  შეხვედრაზე განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ძირითადი  საკითხები და თანამშრომლობის  პერსპექტივები. ისაუბრეს 2017–2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგზე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების პროცესზე. ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობაზე და  გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

  შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თემებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.