რედაქტორისგან
„გაზპრომ ექსპორტთან“ ახალი კონტრაქტი ძალიან ხელსაყრელია საქართველოსთვის და მთლიანად შეესაბამება ევროსტანდარტებს - არნო ხიდირბეგიშვილი

   რატომ გახდა შპს „გაზპრომ ექსპორტთან“ ახალი კონტრაქტი (რომელიც გულისხმობს რუსეთის მიერ სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით 2017 - 2018 წწ., წელიწადში 2,0 -2,2 მლრდ კუბომეტრის მოცულობით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მომსახურების ანაზღაურებას  ფულადი ფორმით, ევროკავშირში მიღებული განაკვეთების ბაზაზე) საბაბი სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ და არასამთავრობოებისთვის, რომ ქართული მთავრობა „რუსეთის წინაშე კაპიტულანტობაში დაადანაშაულონ? რატომ არის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარიაც კი თავისი კოლეგის - ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიერ ხელმოწერილ ახალ კონტრაქტს „ქვეყნისათვის ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანად მიიჩნევს?

  განა ახალი კონტრაქტი არ სპობს საქართველოს ყველანაირ დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისაგან საქართველო  მოხმარებული გაზის მხოლოდ 20%-ს ღებულობს, დანარჩენ 80%-ს კი მას აზერბაიჯანი აწვდის?

  ნუთუ დაავიწყდათ, რომ ძველი კონტრაქტის მიხედვით საქართველო იძულებული იყო, ტრანზიტის ანაზღაურება ნედლეულით - ფაქტობრივა ტრანსპორტირებული აირის 10% მოცულობით მიეღო (რაც მსოფლიო პრაქტიკაში დიდი ხანი არ გამოიყენება) ან მოძმე სომხეთისთვის გაზი უსასყიდლოდ გაეტარებინა (რასაც არასდროს გააკეთებდა). მილსადენზე 1 - ავარიის შემთხვევაში (ტერაქტი, სტიქია, როგორც ეს არაერთხელ მოხდა), ან 2 - თუ სომხეთი მთლიანად ირანის გაზზე გადართვას გადაწყვეტდა, საქართველო საერთოდ რჩებოდა რუსული გაზის გარეშე და 1 - სასწრაფოდ უნდა მოეხდინა ამ მოცულობის კომპენსაცია აზერბაიჯანულით, ან 2 - ახალი კონტრაქტი დაედო რუსეთთან და მისგან გაზი საბაზრო ფასად შეეძინა.

  არადა, კალაძის მიერ შპს „გაზპრომ ექსპორტთან“ ხელმოწერილი ახალი კონტრაქტი გულისხმობს საქართველოსთვის გაზის მიწოდებასაც მისი სურვილის მიხედვით შეღავათიან ფასად - 185 დოლარად 1000 კუბომეტრში, ანუ 30 დოლარით იაფად, ვიდრე 2016 წელს, პრაქტიკულად იმ ფასად, რა ფასადაც რუსეთი გაზს სომხეთს აწვდიდა - თავის სტრატეგიულ მოკავშირეს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ - ქვეყანას, და რა ფასადაც დღეს საქარველო გაზს მოძმე აზერბაიჯანისგან ყიდულობს. ახლა კი, შპს „გაზპრომ ექსპორტთან“ ახალი კონტრაქტის მიხედვით გაზის ტრანზიტისათვის მიღებული დოლარებით, საქართველო შეძლებს,  დამატებით შეიძინოს მისთვის აუცილებელი გაზი ნებისმიერი მომწოდებლისაგან - რუსეთის თუ აზერბაიჯანისაგან - სურვილისამებრ, თავისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ ფასად.

  „გაზპრომ ექსპორტთან“ ახალი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ რუსეთიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენი უკვე ვეღარ განიხილება, როგორც ჰიპოთეტური ბერკეტი საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მოსახდენად. უფრო მეტიც - კახა კალაძემ სახელმწიფოებრივი მიდგომა და მოქალაქეობრივი მამაცობა გამოიჩინა და ქართული სახელმწიფოსგან მოპარული გაზით უკანონოდ ვაჭრობის ზემომგებიანი კორუფციული სქემა მოსპო, რომელიც სააკაშვილმა შექმნა!

  შეგახსენებთ, რომ 2004 წელს საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიშა სააკაშვილს და აწ განსვენებულ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას სურდათ, ეს გაზსადენი რუსეთის ფედერაციისათვის 300 მილიონ დოლარად მიეყიდათ - ამტკიცებდნენ, რომ „ის ამორტიზებულია და საერთოდ არაფერი ღირს“. ამისთვის გაზსადენი სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს და მხოლოდ აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც სასწრაფოდ ჩამოფრინდნენ თბილისში, აუკრძალეს მათ “საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის ასეთი მნიშვნელოვანი ბერკეტის“ რუსეთის ხელში გადაცემა (მილსადენთან ერთად სააკაშვილი რუსეთისთვის ქართული ეკონომიკის ბევრი სტრატეგიული ობიექტის მიყიდვას აპირებდა - ენერგეტიკული, გადამმუშავებელი, წყალმომმარაგებელი და სხვ., რაც შემდგომში განახორციელა კიდეც კახა ბენდუქიძესთან ერთად. მხოლოდ „საქართველოს რკინიგზის“ და „საქართველოს ავიახაზების“ გაყიდვა ვერ მოასწრო, რადგან 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთ დაესხა თავს).

  გაზსადენს დავუბრუნდეთ: ამერიკავ მაშინ საქართველოს მისი რუსეთისთვის მიყიდვა აუკრძალა და 50 მილიონი დოლარი გადმოურიცხა მაგისტრალური მილის შეკეთებისთვის, საიდანაც დანიშნულებისამებრ მაქსიმუმ 25 მილიონი დაიხარჯა, დანაჩენი კი სააკაშვილმა, უბრალოდ, მოიპარა, ხოლო ამის მოწმე ჟვანია მოკლა და „რუსული უხარისხო გაზით“ მისი მოწამვლის ინსცენირება მოწყო. აი, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ გადაეცა „ყაზტრანსგაზის“ მენეჯმენტი ყაზახურ მხარეს და ქართული მხარის ხელში დარჩა, რის გამოც დღეს „ყაზტრანსგაზი“ თბილისიდან მიდის…

  კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: საქმე ის არის, რომ სააკაშვილი ქურდია, რომელიც თავისი პრეზიდენტობის მთელ 9-წლიან პერიოდში დიდი თუ მცირე რაოდენობით იპარავდა გაზს: 2014 წელს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოდან გაიქცა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებმა გეგმური შემოწმებისას საიდუმლო მიწისქვეშა გაზსადენი აღმოაჩინეს - კაპიტალურად გაყვანილი მილი, რომლითაც სააკაშვილის ავლაბრის სასახლე უკანონოდ, მრიცხველის გვერდის ავლით მარაგდებოდა გაზით! „ეს უკანონო მოხმარება, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის დღიდან ხდებოდა და ბუნებრივ გაზს, რეზიდენციის გათბობის გარდა, სასადილოში და დამხმარე ნაგებობებშიც იყენებდნენ. ეს დიდი მოცულობა გახლდათ, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, მარტო ადმინისტრაცია ყოველთვიურად დაახლოებით 5-6 ათასი ლარის ღირებულების გაზს მოიხმარს“, - განაცხადა მაშინ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილე ელოშვილმა და არ გამორიცხა, რომ თბილისის შემოგარენში განლაგებული ფეშენებელური ვილები და კერძო ორგანიზაციები, რომლებიც სააკაშვილს და მის გარემოცვას ეკუთვნის, შესაძლოა, ასევე უკანონოდ მოიხმარენ გაზს. რა თქმა უნდა, სისტემაში ყველა ამ დანაკარგის ანაზღაურება “ყაზტრანსგაზს” უწევდა...

  ამის შემდეგ რა გარანტია არსებობს, რომ სომხეთში ტრანზიტისათვის რუსეთის მიერ ნედლეულით მოცემული 10% გაზი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს გაზგამანაწილებელ სისტემაში ხვდებოდა და მისი ნდობით აღჭურვილი პირები არ იპარავდნენ სპეკულაციურ ფასად გასაყიდად?! თუნდაც ავტოგაზგასამართი სადგურებისათვის, რომლებიც მაშინ ოფიციალურად აზერბაიჯანისაგან იძენდნენ გაზს 265-280 დოლარად 1000 კუბომეტრში!

  რა არის ამაში მოულოდნელი და უპრეცედენტო?! განა ენერგომატარებლებთან დაკავშირებული მთელი ბიზნესი, მაგალითად, ავტოგასამართი სადგურების მთელი ქსელი სააკაშვილის, მისი ოჯახის და იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ხელში არ იყო და ზოგიერთი ცნობით, დღემდე არის ცრუმაგიერი პირების საშუალებით?! უამრავი სკანდალური კრიმინალური ფაქტის არსებობის მიუხედავად, რატომ არ იწყებს დღემდე გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

  სწორედ ამ გამოძიებისა ეშინია სააკაშვილს და ამიტომაც მოაწყო ისტერიკა „გაზპრომთან“ ახალი კონტრაქტის გამო - ამით ის საკუთარი მაქინაციებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს! გაზის ამგვარი მოცულობით მოპარვის საქმე თუ გაიხსნება და საქართველოს ექსპრეზიდენტს ახალ ბრალს წაუყენებენ, საქმე ხომ უკვე გაცილებით შთამბეჭდავ მოპარულ თანხებს შეეხება, ვიდრე სახელმწიფო ხაზინიდან გადახდილი პიჯაკის, პალტოს და მასაჟისტ დოტის სექსმომსახურების საფასურია...

საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 2 თებერვალი
საქართველო, თბილისი