საზოგადოება
"ბავშვთა სამყაროს" შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ორშაბათს, 30 იანვარს, დილის 3 საათისთვის “ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძარი გაჩნდა. თითქმის ოცდაოთხი საათის განმავლობაში  ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრეები, რომლებიც აქამდე, 31 იანვრის დილამდე აქრობენ ხანძრის დარჩენილ კერებს.

  ცეცხლი მთელ შენობას მოედო, დამწვარია საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაც. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. დაზარალებულების თქმით, ცეცხლი ჯერ ბაზრობას გაუჩნდა, შემდეგ კი “ბავშვთა სამყაროს” მოედო. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდი იქნება. საქმე ისაა, რომ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ფუნქციონირებდა ე. წ. ოქროს ბირჟა, სახელწოდებით „ოქროს სამყარო“, სადაც ასობით მოვაჭრე ვაჭრობდა საიუველირო ნაკეთობებით, ასევე მუშაობდა ათობით იუველირი. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა დამწვარი ნარჩენებისგან ძვირფასთვლიანი ძვირფასი ლითონის ნაკეთობების ნაწილის ამოღება, რომლებიც იქ ათასობით დასახელების ინახებოდა.

  დაზარალდა ათობით ადამიანი და რამდენიმე მეხანძრე, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მეხანძრეთა წყალობით, ხანძარი არ გავრცლებულა რამდენიმე მეტრში მდებარე ბორჯომის რკინიგზის სადგურზე, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანსა“ და მეზობლად მდებარე სხვა შენობებზე.

  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.