აქტუალური
ევროპის საბჭოს გენმდივანი: აუცილებელია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პერმანენტული სადამკვირვებლო მისიის განთავსება

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი.  ორშაბათს, 30 იანვარს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბერნ იაგლანდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. პირველი შეხვედრა კი საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰქონდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. პრესკონფერენციაზე მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს.

  „უკეთესი იქნება თუ ჩვენ შევძლებთ პერმანენტული სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ადგილზე, რომ გვქონდეს უფრო ზუსტი ინფორმაცია. ყველა წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ წვდომა გვქონდეს ამ ტერიტორიაზე, რომ საკუთარი თვალით ვნახოთ ყველაფერი“, - განაცხადა იაგლანდმა.

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ განაგრძოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის მონიტორინგი და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდოს.