აქტუალური
გოცირიძის კანდიდატურა ევროსასამართლოში „ნაცმოძრაობამ“ და ენ–ჯე–ო–ებმა ჩააგდეს იმისათვის, რომ მერაბიშვილი შეიწყალონ

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ევა გოცირიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

  "რაკი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეების არჩევის   პატივცემულმა კომიტეტმა საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია უკან დააბრუნა, ალბათ მართლაც ჰპოვა შესაბამისი არგუმენტები... თუმცა,  ბევრი ფარული თუ გაუმხელელი  მიზეზიც არსებობს.

  განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ მთელი არასამთავრობო სექტორისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან,.. სახალხო დამცველმაც არ ითაკილა ბევრი აუგის თქმა ჩემი მისამართით ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებთან...

  გარკვეულმა ძალებმა კანდიდატთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის არენად გადააქციეს. გარკვეულ ძალთა ეს თავგანწირული მობილიზაცია კონკურსის ეტაპზეც, საქართველოში თუ შემდგომ, სტრასბურგშიც, მაინც გაგრძელდება მანამ, სანამ სიაში ამ ძალებისათვის მისაღები კანდიდატი არ მოხვდება და სანამ გარკვეული საქმეების განხილვა არ დასრულდება ევროპის სასამართლოში. დიახ, ეს შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმის განხილვას სტრასბურგში, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და სხვა მომავალ საქმეებს.

  ასეა თუ ისე, შედეგად მივიღეთ ის, რომ სიის ჩავარდნის გამო ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა და მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ადეიშვილის მოადგილე განიხილავს.  მოკლედ, მიზანი უკვე მიღწეულია...".