პოლიტიკა
“პატრიოტთა ალიანსი” ინიციატივით გამოდის, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა შემოწმება სიცრუის დეტექტორზე გაიარონ

    საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. სულ მიდის საუბარი, ვინ ვისი აგენტია და ა.შ. ჩვენ ერთი წინადადება გვაქვს: არსებობს სიცრუის დეტექტორი - ე.წ. პოლიგრაფი. ნდობის ჯგუფში ჩვენგან წარდგენილია ირმა ინაშვილი. ნდობის ჯგუფის წევრებმა გაიარონ შემოწმება პოლიგრაფზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვისი აგენტია. აღმოჩნდება, რომ ჩვენ არავისი აგენტი არა ვართ და ისინი ყველანი აგენტები არიან. საჯაროდ ვთავაზობ ყველას - გავიაროთ შემოწმება სიცრუის დეტექტორზე, - ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი პარლამენტის ნდობის ჯგუფში ირმა ინაშვილის შესვლასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

   „ორი თვის განმავლობაში სწავლობდა სუს-ი იმ კანდიდატებს რომლებიც წარდგენილები იყვნენ ნდობის ჯგუფში. 2 თვის მანძილზე მიდიოდა ჩემი შესწავლის პროცესი. ამ შესწავლის მიზანია, დაადგინოს, ვინ რომელ სპეცსამსახურთან თანამშრომლობს, უთანამშრომლია და ა.შ. ახლა სუს-ს ვთავაზობთ, სწორედ დეტექტორის საშუალებით დააგვირგვინოს შემოწმების პროცესი და გამოჩნდება, ვინ ვინ არის ნდობის ჯგუფში“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი.

   აღნიშნული განცხადებები „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მეორე საზოგადოებრივი არხის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთეს (ვიდეო იხ. აქ).