პოლიტიკა
ნატოს მომავალ სამიტში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს - ევროინტეგრაციის მინისტრის განცხადება კრიტიკის მიზეზი ხდება

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის შემდეგ გადაწყვეტილების მიზეზებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ეს იქნება ნატოს შიდა და ნაკლებად მასშტაბური სამიტი. მინისტრის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან.

  „საქართველოს ხელისუფლებას იმისთვისაც უნდა ებრძოლა, რომ ზოგადად სამიტზე ყოფილიყო საქართველოს საკითხი დღის წესრიგში. ეს მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე და დღითი დღე ნათელი ხდება, რეალურად საით აქვს გეზი აღებული ივანიშვილის ხელისუფლებას“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

  ფრაქციის “ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის” წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა შანსი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან დასაახლოებლად.

  ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ უმრავლესობაში.

  „ჩვენი გადაწყვეტილებით არ ხდება დღის წესრიგის განსაზღვრა, მონაწილეობის განსაზღვრა, ეს ხდება იმათთან ერთად, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობენ“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.