აქტუალური
ლევან იზორია ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველ მსმენელებს შეხვდა

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყო. ქართულ დელეგაციას სამხედრო სასწავლებლის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდის დილანსმა უმასპინძლა.

  ტარტუში მდებარე სამხედრო სასწავლებელში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მივლენილ ქართველ მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა, რომლებიც ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსებს ესწრებიან.

  „ეს სასწავლებელი ევროპაში გამორჩეულია, აქ მიღებული კვალიფიკაცია კი, საკმაოდ მაღალი. გვსურს, რომ თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და მომავალი წარმატება სწორედ ასეთი კვალიფიციური კადრებით იყოს განსაზღვრული და განპირობებული. როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, ყველანაირ პირობებს შევუქმნით, რომ სწორედ მათთან ერთად განვახორციელოთ დაწყებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.