აქტუალური
ბურჯანაძემ საქართველოს უბლოკო სტატუსის დაფიქსირება მოითხოვა

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერმა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოქმედი საკონსტიტუციო კომისიისგან მოითხოვა, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საქართველოს უბლოკო სტატუსი დაფიქსირდეს. ამის შესახებ პარტიის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

  “საქართველო არ უნდა გახდეს რომელიმე სამხედრო ბლოკის წევრი. მაგრამ ეს არ გამორიცხავს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. თუმცა ეს აბსოლუტურად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ საქართველო ნატო-ს ან რომელიმე სამხედრო კავშირის წევრი უნდა გახდეს”, - მოჰყავს ლორთქიფანიძის სიტყვები Sputnik-ს.

  პოლიტიკოსის თქმით, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს უბლოკო სტატუსის საკითხს მორიგ სხდომაზე, 28 იანვარს განიხილავს.

  ასეთი წინადადებით ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა” უკვე გამოვიდნენ 2016 წლის ზაფხულში წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

  მისი აზრით, ეს გახდებოდა “საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გარანტი” და “ჟანგბადი საქართველოს ეკონომიკისთვის”. “უბლოკო სტატუსი - ეს არის საქართველოს სტაბილურობის გარანტი. გარანტი იმისა, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა, რომ საქართველოს ექნება ნორმალური ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთთან. უბლოკო სტატუსი შესაძლოა იქცეს ჟანგბადად საქართველოს ეკონომიკისთვის”, - განაცხადა მან.