საზოგადოება
2016 წელს აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 94%-იანი ზრდა დაფიქსირდა

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული ცენტრების მომსახურებით წლის განმავლობაში 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა. რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ცენტრებში ძირითადად რუსი, თურქი, უკრაინელი, პოლონელი და ებრაელი ტურისტები დაინტერესდნენ.

  რეგიონში მყოფ ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის მასშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება, გარდა ამისა, ვიზიტორებს ცენტრებში აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა შეუძლიათ. 2017 წლიდან კი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში სტუმრებს განახლებული საინფორმაციო-ტურისტული მასალები და ახალი მარშრუტების რუკები დახვდებათ.

  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. საინფორმაციო ცენტრების მომსახურების ხარისხი 2016 წელს იდუმალი სტუმრის შეფასებით საუკეთესოდ დასახელდა.