აქტუალური
ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებს საფრთხე და რუსეთის აგრესია ემუქრებათ –საქართველოს ტავდაცვის მინისტრი შვედეთის ანალიტიკურ–კვლევით ცენტრში

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველო და შვედეთი - თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში არასტაბილურ მსოფლიოში - ამ სახელწოდებით გაიმართა სტოკჰოლმის ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში დისკუსია, რომელშიც საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და პეტერ ჰულტქვისტი მონაწილეობდნენ.

  „კონფლიქტი რუსეთთან 2008 წელს იყო, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია დღესაც გრძელდება. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონები რუსეთისგან საფრთხესა და აგრესიას განიცდიან. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევის გარეშე“, - განაცხადა პეტერ ჰულტქვისტმა.

  ლევან იზორიას გამოსვლა ძირითადად უსაფრთხოების გარემოს, ამ კუთხით არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს დაეთმო: „2008 წლის რუსეთის ინტერვენციასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ყირიმის ანექსია მოჰყვა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნატო უფრო აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონში. ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად გვსურს, უფრო აქტიურად ჩავერთოთ შავი ზღვის რეგიონში სტაბილური გარემოს მისაღწევად. იმისათვის, რათა შევეწინააღმდეგოთ მზარდ არასტაბილურ უსაფრთხოების გარემოს შავი ზღვის რეგიონში და მის ირგვლივ, გვსურს,  გავზარდოთ ჩვენი კონტრიბუცია ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.