პოლიტიკა
ჩვენ ქვეყნის სიყვარულში ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან! – პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა:

 „ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის. საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე!

  ჩვენმა ოპონენტებმა აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას - რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან; უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს; კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს!

  მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე, რომლებმაც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობასა და ლამის მოღალატეობაში დაგვდეს ბრალი; კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლა კარგი. ჩვენ ქვეყნის სიყვარულში ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან!“