პუბლიკაციები
საქართველო მილიარდერებს კარგავს

analitika-foto2საბჭოთა ხანაში მილიარდერები და მილიონერები იუმორისტებისა და სატირიკოსების ვარჯიშის საგანი იყო. მარტო ქარხნების, გაზეთების, გემების მფლობელი მისტერ ტვისტერისა და მისი კარიკატურული თანამოსაქმეების დაუვიწყარი სახეები რად ღირს, რომლებიც, საბჭოური საგაზეთო ტრაფარეტების მიხედვით, თავიანთი ბანჯგვლიანი ხელებით ახლოაღმოსავლურ ნავთობს ან სამხრეთ აფრიკულ ალმასებს ეპოტინებიან...

სამაგიეროდ, ახლა მილიარდერობა ან უბრალოდ მილიონერობა ძალიანაც სასიამოვნო და საპატიოა, თუმცა, – დამქანცველიც. ფულის ტომრებს ყოველ კუთხეში უამრავი საფრთხე ჩასაფრებია, არც კი იცი, საიდან გესვრიან მოზრდილ ქვებს შენივე ადგილობრივი მაღალი ხელმძღვანელები, რომელთა ფხიზელ თვალს ვერც შემოსავლებსა და ვერც პირად ცხოვრებას დაუმალავ…

უსარგებლო გაკვეთილი...

მილიარდერ ბადრი (არკადი) პატარკაციშვილის ტრაგიკულ ფიგურასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის, ასე თუ ისე, ყველაფერი ნათელია. თავისი მოკლე ბიოგრაფიის რაღაც მომენტში მან, „ნაციონალური“ პროპაგანდისტების თქმით, პრეზიდენტობა მოისურვა და აშკარა დაბრკოლებები შეუქმნა მოქმედ „პირველს“ - თანაც ისე აქტიურად, რომ მის ქვეშ ტახტი მოირყა. ამას საგანგებო მოვლენათა ისეთი ნაკადი მოჰყვა, რომელმაც არსებულ ხელისუფლებას ჩამოგდების საფრთე შეუქმნა... საბოლოოდ რით დასრულდა ეს ყველაფერი, კარგადაა ცნობილი: ახალგაზრდობა, ოკეანისგაღმა პოლიტტექნოლოგიებსა და „ მახვილისა და მოსასხამის“ პროფესიონალთა მუშაობასთან ერთად, არა მარტო გამარჯვებას, არამედ სცენიდან სხვა კანდიდატებისთვის წარმოდგენილ სამაგალითო გაკვეთილსაც ზეიმობდა. კანდიდატებისა, რომლებმაც ტახტზე დაბრძანება „ზემოდან“ წამოსული მითითებებით კი არა, საკუთარი ხასიათის მოტივაციითა და დაგროვილი სიმდიდრით მოისურვეს!

თანამედროვე ქართული ისტორიის ამ საკმარისად ტრაგიკულ ფურცელზე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ კონკრეტულ საზოგადოებრივ ფორმაციაში სხვადასხვა მიმართულების ძალებად როგორ იქცნენ, ერთის მხრივ - საკმაოდ დიდი პრივატული კაპიტალი, ხოლო მეორე მხრივ - ხელისუფლების განწყობა, თავისი უმაღლესი მიზნისთვის დაექვემდებარებინა მთელი სამამულო ბიზნესი მისი მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსებითა და სამამულო უცხოური „ბიზნეს-შუქურებით“. მით უმეტეს, რომ ტახტისთვის მოგებული ბრძოლა მატერიალურ ჭრილში არათუ დამარცხება, არამედ აწ განსვენებული პატარკაციშვილის მილიარდების მსოფლიოში მიმოფენა აღმოჩნდა, რომლებიც, ცხადია, სახელმწიფოზე ვერც ცენტრალიზებულად და ვერც რაიმე მომგებიან პროექტებთან კავშირში ვეღარ იმუშავებდნენ. ეს, როგორც ზოგიერთი „ჩვენიანი“ ვარაუდობდა, „ნაციონალურ“ გუნდს არასაკმარისი გამოცდილებისა და ახალგაზრდულ-კომკავშირული მგზნებარებით დაემართა, რომელიც საშუალებას არ იძლეოდა, საკუთარი აზრი და გაუკონტროლებელი სიმდიდრე ჰქონოდა ვინმეს, გარდა პირველი პირისა და მისი უახლოესი გარემოცვისა. შედეგად, ხელისუფლების სათავეში ,,ვარდების რევოლუციის’’ მეხოტბეთა მოსვლის მომენტიდან, იმ დროის ბიზნესმენებსა და თანამდებობაზე მყოფ საქმოსნებს თუ შეკვეთილი ჭიქა წყალში ქარიშხალი არა, უკიდურეს შემთხვევაში, პერმანენტული და პატარ-პატარა სკანდალები დაატყდათ თავს.

თავიდან ამ მოღვაწეეებს ზურგსუკან გადაგრეხილი ხელებითა და გამარჯვებულთა მხრიდან დემოკრატიული ფურთხითა და შეძახილებით: „დააბრუნეთ მილიონები! დააბრუნეთ მილიონები!“ დაატარებდნენ. და მდინარედ დაიძრა ნაქურდალი ტუგრიკები ხაზინისკენ ან - სხვაგან, მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით გამოხატავდა საკუთარ თავს ჩვენი ფერადი რევოლუცია - იმავე (ბოლშევიკური) ტაძრების ნგრევითა და „თეთრ რაშზე“ თავმომწონე დამსჯელ-პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილით. ყველაფერი ეს დროთა განმავლობაში წარსულს ბარდება. არადა, განა სწორედ ასე არ მიმდინარეობდა ახალი მრუდე სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც უგულებელჰყოფდა კანონებს და ხაზინასაც თავდაპირველად ყაჩაღური ( ველური დასავლეთის მსგავსად) ექსპროპრიაციის, შემდეგ კი - მშრომელთა - ძირითადად, გარკვეული განტევების ვაცების სიაში მყოფთა და, ასევე, საშუალო მოვაჭრე კლასის ჯიბეებიდან გადასახადებისა და ჯარიმების სახით ხაზინას ავსებდა. უპირატესად, სწორედ ეს იქცა ახალი „თვითმმართველობის“ ფინანსურ დასაყრდენად, მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სახით, ფულის შოვნის ფაბრიკებთან ერთად. სქემა შემდეგნაირია: პროცესუალური გარიგებებითა და სხვა ოინებით ივსება ან ბიუჯეტი, ან თანხები ნაცადი სქემებით საგადასახადო შემოსავლების მოცულობებში გადაირიცხება, რათა ფულის კეთების სამამულო სისტემას უცხოელმა ლიბერალ-დემოკრატებმა და უფლებათა დამცველებმა ხინჯი ვერ გამოუძებნონ.

„თხები და ციკნები“...

ამასთან დაკავშირებით, ალბათ, უნდა გავიხსენოთ სამაგალითო ბიზნესმენი („თხა“ კი არა, უბრალო სპორტსმენი და შსს ყოფილი გენერალი!) გოჩა ძასოხოვი, რომელიც, სხვათა შორის, დაუბრკოლებლად შედიოდა „პირველისა“ და მერაბიშვილის კაბინეტებში (ამასთან, მისი საბელზე დემონსტრირება, ქართულ-ოსური უჟანგავი მეგობრობის ნიშნად, პრეზიდენტ სააკაშვილსაც უყვარდა), ოდესღაც მთელი საპრეზიდენტო ამალის ფავორიტი და საქველმოქმედო ბიზნეს-ღონისძიებების ორგანიზატორი, შემდეგ კი, უცებ, დაუძინებელ მტრად ქცეული, ვეება სპორტულ მუშტს რომ უღერებდა მიშას! ერთი სიტყვით, არც ფული, არც ინვესტიციები... თუმცა ოდესღაც ბიზნესმენ-სპორტსმენის ქონება ასობით მილიონ დოლარად ფასდებოდა. კიდევ იყო ერთი შემთხვევა იმავე ირაკლი ოქრუაშვილის (ამჟამად გაქცეულის) პროკურორობის დროს. ჯოხი თვალის დახამხამებაში გადატყდა რუსი ბიზნესმენის, წარმოშობით ქართველი მამუკა ჯინჭარაძის ზურგზე, რომელიც შემდგომ მოსკოვში კრიმინალური გარჩევებისას მოკლეს. ის აქტიურად აფინანსებდა საქართველოში არა მარტო ეკლესიების მშენებლობას, არამედ ფულსაც აბანდებდა სხვადასხვა პროექტში. მის მეფურ საჩუქრად იქცა ჩვენი საპატრიარქოსთვის წმინდა სამების მშენებარე ტაძრის მოოქრული გუმბათიც. მოკლედ, საქართველოში პატივცემული ადამიანი, ზუსტად იმ დრომდე, სანამ იჯარით აღებული შვეულმფრენით, რომელსაც თავად მართავდა და რომელიც შსს საკუთრება აღმოჩნდა, ავარიაში არ მოყვა. შედეგად, ბატონი ოქრუაშვილის მეშვეობით, ინვესტიციებზე დამატებით, უსინდისოდ დაუწყეს მილიონის ამორთმევა დამტვრეული საფრენი აპარატისთვის, რომელიც ისედაც ჯართად უნდა ჩამოეწერათ. მომხდარის შემდეგ ძასოხოვს რა გრძნობებიც დაეუფლა, გასაგებია და ისიც ნათელია, თუ რას ფიქრობდა... შვეულმფრენის ღირებულების სრულად დაფარვისთანავე მან მშობლიური მხარე საჩქაროდ დატოვა, თავის რუსულ საქმეებს დაუბრუნდა და დაიფიცა, რომ მიშას საქართველოში ფეხსაც აღარ დაადგამდა...

ამგვარი, ახლობლების დასახმარებლად მზადმყოფი საქმიანი ადამიანებისადმი არაადექვატური დამოკიდებულების მსგავსი მაგალითების პოვნა მრავლად შეიძლება. თუმცა, ვფიქრობ, ნათქვამიც საკმარისია მიუკერძოებელი დასკვნის გამოსატანად.

ივანიშვილი! «С вещами!»

ყოფილ ახალგაზრდობას, ამჟამად უკვე მოწიფულ ადამიანებს, ჩვენი ბედ-იღბლის ყოფილ და ამჟამინდელ განმკარგველთ, თვალსაჩინოდ უხეშებს, სწორედ დიპლომატია აკლიათ, ხოლო სისხლში ბრუტალობის მაღალი დონე აღენიშნებათ. შედეგად, წარმოიქმნა კოლიზია, რომელსაც ვერსად გაექცევი: წმინდა წყლის ქართული უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ერთობ მცირე მოცულობით მუშაობს, ანუ ქართველი ბიზნესმენები, უპირატესად, რუსეთიდან ან ევროპიდან არ ჩქარობენ სამეწარმეო საქმიანობის წარმართვას თბილისში, განსხვავებით რუსული ნაციონალური კაპიტალისაგან, რომლის წილსაც, მოცულობის მიხედვით, საქართველოში მეორე ან მესამე ადგილი უკავია. რატომ? ეს ან სამამულო ფუნქციონერებისადმი უმაღლესი დონის უნდობლობის ნიშანია, ან – ქართული უცხოური ბიზნესის მხრიდან პატრიოტიზმის არარსებობა, რისი დაჯერებაც, ჩვენი ეროვნული ხასიათის თავისებურებების ცოდნიდან გამომდინარე, საკმაოდ ძნელია. ამასთან, ჩვენი დიასპორის საქმეების სამინისტროც, საკითხთა ფართო წრესთან შესატყვისობაში, პროფილით საქმიანობს. როგორც ჩანს, მოსკოვსა და პარიზში, ნიუ იორკსა და ვენაშიც მოიძებნება მშობლიურ ენაზე დამლაპარაკებელი... ფული კი ამ არხით საწარმოო თუ რომელიმე სხვა სფეროში წვრილ ნაკადად მოედინება... ასე რომ, ხელმძღვანელთა პირადი თვისებები, ხასიათის თავისებურებანი და, ასევე, ბიზნესმენებთან მუშაობის მეთოდები საერთო სახალხო საქმეს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვნებს.

მდიდარი ადამიანებისადმი სამხედრო-საველე ადმინისტრირების ბოლო აკორდმა, სავარაუდოდ, მილიარდერ ბიძინა (ბორის) ივანიშვილის შემთხვევაში გაიჟღერა, რომელმაც, მედიის ცნობით, საქართველოდან სასწრაფოდ გაასახლა თავისი ოჯახი ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის გამო. გასაგებია: გაღვივებულ კრიზისულ სიტუაციაში ზეწოლის ინიცირება მხოლოდ მის მილიარდებს ანდა რომელიმე „უმაღლეს პროექტში“ მისი ფულის ჩართვის „სამსახურებრივ აუცილებლობას“ შეეძლო! თუმცა ამის გარეშეც, ივანიშვილის მიერ სამშობლოში უწინ განხორციელებული ნაბიჯებიც უმნიშვნელოდ არავის მოეჩვენება. ამობენ, რომ თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად, ქართული ადმინისტრაციის არცთუ მცირე ხელფასებით უზრუნველყოფის საქმეში იგი სოროსს „ეხმარებოდა’’. ხოლო იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც შინ გაატარა, საცხოვრებელი სახლებისა და მნიშვნელოვანი ადგილობრივი სოციალური შეღავათების ჩუქებით საჩხერელი თანამემამულეების უსაზღვრო მადლიერება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მედიის ცნობას მილიარდერთან დაკავშირებით საკმაოდ სწრაფად გამოეხმაურა „ქართუ-ჯგუფის“ პრესსამსახური - ორგანიზაციისა, რომელსაც თავად ბიზნესმენი კურირებს. სავარაუდოდ, სწორედ ესაა თავად მილიარდერის „ხმა იატაკქვეშეთიდან“, რომელიც ხელისუფლებასთან უთანხმოების, მის მილიარდებზე თავდასხმისა და ყველა ბიზნეს-პროექტის „კონსერვაციის“ შესახებ მედიის მოსაზრებების მთელ ნაკრებს უგულებელყოფს.

თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ „უგულებლყოფას“ იოლად წასაკითხი ქვეტექსტი ანდა სტრიქონებს შორის ჩადებული ინფორმაცია ახლავს. მოვახდენთ, ჩვენი თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო ადგილის ციტირებას: „ერთადერთი, შესაძლებელია ხელისუფლების მხრიდან, მისი (ანუ ივანიშვილის. - საქინფორმი) ფიზიკური განადგურება, თუმცა საკუთარ თავსა და ახლობლებს რატომ უნდა შეუქმნას საფრთხე ივანიშვილმა აქ, საქართველოში, ყოფნით, როცა მას და მის ოჯახს საშუალება აქვთ, იცხოვრონ იქ, სადაც ინებებენ“.

გასაგებია?! ერთობ გამჭვირვალე სიტყვებია, რომლებიც დასაშვებს ხდის, რომ ივანიშვილიცა და მისი ოჯახიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, რადგან, ერთადერთი საფრთხე, რომელიც მას ემუქრება, არა ფული, არამედ... მისი ფიზიკური განადგურების შესაძლებლობაა! აქედან გამომდინარე (ჰიპოთეტურად), მას შეუძლია ოჯახთან ერთად    საცხოვრებლად აირჩიოს ნებისმიერი ადგილი დედამიწაზე. ეს, რა თქმა უნდა, სენსაცია არა, მაგრამ „ქართუ-ჯგუფის“ ერთობ გულახდილი განცხადებაა. უფრო სერიოზულიც კი, ვიდრე მავანის მიერ ბატონი ბიძინას კაპიტალზე თვალის დაჭერა!

თუმცა ცოტა გაურკვეველია, რისთვის უზღავენ სამაგიეროს ივანიშვილს?! პატარკაციშვილთან, ჟვანიასთან, პეტერბურგელ ებრალიძესა და რუს ვასაძესთან - ყოფილ და ამჟამინდელ პატივმოყვარეებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ივანიშვილი ხომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაზეც არ თანხმდებოდა და პოლიტიკიდან შორს ყოფნას ამჯობინებდა?! მაშ, ჩვენს მამა-მარჩენალთა რისხვა რით გამოიწვია?

იქნებ, ეს სულაც არ არიან ისინი - საერთაშორისო კოზა ნოსტრას ან რუსული ... ჯერჯერობით უცნობი მიმდევრები? ვინ იცის!... ყოველ შემთხვევაში, არც უმისობაა, რომ მილიარდერს საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის მშვიდი ნავსაყუდელი დასჭირდა. არადა, ბატონებო, ეს ხომ ჩვენი მისამართით გადმოწიტებული ფურთხია - იმ კონტექსტში, რომ თავისუფალ, დემოკრატიულსა და წარმატებულ საქართველოში დიდი ფულის მფლობელ პიროვნებებსაც კი პერსონალური უსაფრთხოების გარანტია არ აქვთ!

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის საკითხთან დაკავშირებით არავითარი ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა! ასე რომ, დაველოდოთ..

აი ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ჩვენი პრეზიდენტის საქებარი და სარეკლამო გამოსვლის გახსენება ნამდვილად ღირს. ის ვერასგზით ვერ გადაჭრის ამ და ვერც სხვა შიდა პრობლემებს. ქართული ირაციონალობის სურათი, რომლითაც პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების (რომელთაც რაციონალური ახსნა არ მოეპოვებათ) ახსნას შეეცადა, არამარტო საერთაშორისო აპლოდისმენტების, არამედ ბიზნესისა და ბიზნესმენთა მიმართ არაჯენტლმენური დამოკიდებულებისა და, ასევე, უკიდურესი სიღატაკის მაგალითებითაა მდიდარი! ქართველ პენსიონერთა თითქმის მილიონიანი არმია სახელმწიფოსგან დღიურად თავის შესანახად იმაზე ნაკლებს იღებს, ვიდრე თანამემამულე პატიმრები. და ეს, უდავოდ, ადგილობრივი ირაციონალიზმის კიდევ ერთი მაგალითია.