პოლიტიკა
საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა - ჯანი ბუკიკიო

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. პარასკევს, 20 იანვარს ვენეციის კომისიის დელეგაციამ, რომელსაც სათავეში ჯანი ბუკიკიო ედგა, პირველი ოფიციალური შეხვედრა პარლამენტის და ამავდროულად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან გამართა.

  იმ დღესვე ჯანი ბუკიკიომ არაოფიციალური შეხვედრა გამართა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.

  „შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ და მინდა აღვნიშნო, სამართლის საკითხებში ქართველ ექსპერტებთან ჩვენ სრული აზრთა თანხვედრა გვაქვს. ბევრ მათგანს უკვე წლებია ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ ვთანხმდებით იმ საკითხებში, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია თქვენს ქვეყანაში ვითარების გასაუმჯობესებლად. საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა“,  - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ.

  ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და ცვლილებებზე კომენტარი დავით უსუფაშვილმაც გააკეთა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებებისთვის კენჭისყრას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.