პოლიტიკა
ფრაქცია "ევროპულ საქართველოს" სერგო რატიანი უხელმძღვანელებს

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ნიკა მელიას ნაცვლად ფრაქციას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლის გადაწყვეტილებაც მიიღეს და მას ევროპული საქართველო ეწოდა.  

 ამ ეტაპზე ნაციონალური მოძრაობის წევრები და ნიკა მელია კვლავ ფრაქციის წევრებად რჩებიან. მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე უნდა დატოვონ ფრაქცია.

 მეორე ფრაქციის სახელწოდებაც შეიცვალა, რომელიც პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის სახელით. მისი ხელმძღვანელი კი კვლავ ელენე ხოშტარია იქნება.

 „ჩვენი ამოცანა იყო, არის და იქნება, მანამ ეს ამოცანა არ შესრულდება, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა. ამ გამარჯვების შემდეგ იმ პრობლემებისა და იმ უზარმაზარი გამოწვევებისადმი გამკლავება, რის წინაშეც საქართველო დგას,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

 "ჩვენ ახლა ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ ჩავატაროთ ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატიული, ფართომასშტაბიანი ყრილობა 20 იანვარს, რომლის სამუშაოებიც დასკვნით ფაზაშია, შერჩეული არიან დელეგატების უმრავლესობა და სწორედ ამაზე ვხარჯავთ ჩვენ ჩვენს ენერგიას,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.