აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობას ახალი სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 „ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტითაა გათვალისწინებული, რათა იმ ამოცანების წარმატებით განხორციელება შევძლოთ, რომლებიც დასავლეთ სარდლობის მიმართულებით იქნება დასახული“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას.

 პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. სხვადასხვა დროს გენერალურ შტაბში J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. დასავლეთ სარდლად დანიშვნამდე კი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე იყო. საქართველოს გარდა, მან სამხედრო განათლება კანადასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც მიიღო.