უცხოეთი
რუსეთის კრიმინალურ სამყაროს სათავეში „კანონიერი ქურდების ,,კოალიცია“ ჩაუდგება

  საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. 2017 წელს რუსეთის კრიმინალური სამყარო ახალი, „№1 ქურდის“ მოლოდინშია, რომელმაც ზაქრო კალაშოვი უნდა შეცვალოს, - წერს რუსული მედია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით. წყარო მედიასთან აცხადებს, რომ რუსეთის კრიმინალურ სამყაროს სათავეში ე.წ. კანონიერი ქურდების ,,კოალიცია“ ჩაუდგება. რუსული მედია წერს, რომ ,,№1 ქურდის“ ყველაზე რეალურ კანდიდატად ვლადიმერ ტიურინი (ტიურიკ) განიხილება. ამას გარდა, წყაროს ინფორმაციით, ის კრიმინალურ სამყაროს მარტო არ უხელმძღვანელებს და ამ ეტაპზე განიხილება ,,კოალიციური ხელმძღვანელობის“ შექმნა, რომელშიც შევლენ ლაშა შუშანაშვილი, ოლეგ შიშკანოვი და იური პიჩუგინი.

  ,,ასლან უსოიანის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ნათესავმა დიმიტრი ჭანტურიამ განაცხადა პრეტენზია მისი შემცვლელის კანდიდატურაზე, თუმცა, რუსული სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ მას არ გააჩნია სათანადო ავტორიტეტი.

  რაც შეეხება ქუთაისური კლანის წარმომადგენლებს, რომელთაც მოკლეს ,,დედ ჰასანი“, ვერ წამოაყენებენ პრეტენზიას ,,გვირგვინზე“, რადგან ტარიელ ონიანი ამჟამად იხდის სასჯელს, რის შემდეგაც მას რუსეთიდან გაასახლებენ. მეორე მნიშვნელოვანი წარმომადგენელ მერაბ ჯანგველაძეს კი ცოტა ხნის წინ სამუდამოდ აეკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა“, - წერს რუსული გამოცემა.