აქტუალური
პრემიერის განცხადება კლუბებზე არასამთავრობოების კრიტიკის საფუძველი გახდა

   საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც პროსტიტუციას და მამაკაცთა დისკრიმინაციას ერთდროულად ეხებოდა, უკვე მოჰყვა გამოხმაურება მესამე სექტორში.

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი აცხადებს, რომ აღნიშნულმა განცხადებამ კვირიკაშვილის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა.

 „როდესაც კვირიკაშვილს თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები არასდროს გაუკეთებია და მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაძლიერების ან მისი ეფექტურად გამოყენების კუთხით მთავრობას ბევრი არაფერი აქვს გაკეთებული, პირველად დისკრიმინაციული საკითხების საჯარო დისკურსში სწორედ ასეთი შემოყვანა ნაციონალისტური და პატრიარქატული, ულტრამასკულინური პერსპექტივით, რა თქმა უნდა, არის პრობლემური.

 ალბათ, ეს იყო ელექტორალური გათვლა და დღის წესრიგის გადაფარვის მცდელობა, თუმცა ცხადია, მისი იმიჯი, რომელიც აქამდე უფრო მეტად ზომიერი და გონიერი პოლიტიკოსის იმიჯში ისახებოდა, სერიოზულად დააზიანა“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

 იურისტი ბაია პატარაია კი პრემიერსა და მთავრობას ქვეყანაში არსებულ დისკრიმინაციულ ჯგუფებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ისინი ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს ქმნიან, ვიდრე ქართველი მამაკაცების ბორდელში შეშვებაა.