საზოგადოება
პრემიერმა შსს-ს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა

   საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

  „როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ობიექტებში არ უშვებენ ადგილობრივ მამაკაცებს და, სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამ კანონით გვაქვს საშუალება, ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, მინდა, ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში მოგვარდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  მთავრობის მეთაურმა ასევე თხოვნით მიმართა საკუთარ თანაშემწეს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით.

  „თუ ეს არის რაიმე დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება იქ ადამიანების შესვლის შერჩევა, ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს კანონმდებლობას და, იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით, არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.