საზოგადოება
ქუთაისსა და გორში ბინის მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისსა და გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

 ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

 გორში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შეუძლიათ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს და ასევე იმ ოჯახებს, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში იყვნენ რეგისტრირებული და რეგისტრაციის ადგილი 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ შეიცვალეს. განაცხადები მიიღება 2017 წლის პირველ მარტამდე.