პოლიტიკა
თებერვალი-მარტისკენ ლარი კიდევ უფრო ცუდი პროცესებისკენ წავა - ოპოზიცია

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის ეკონომიკური გეგმის დადებითი შედეგები აშკარა გახდება. “ქართული ოცნების” მტკიცებით, ლარის კურსის სტაბილურობისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

 „საფრთხეები, რაც გააჩნია არა მარტო მსოფლიოს უშიშროებას, არამედ ეკონომიკას, კვლავ ძალაში რჩება. ასე რომ, სახელწიფოს გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ საფრთხეების მინიმალიზაციისკენ არის მიმართული. ბევრი ადამიანი, ვისაც გამოტანილი აქვს 2015 წლამდე კრედიტები, არის იპოთეკარი, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რომ არა ის დახმარება, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. ოპონენტები პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ და ხელისუფლების არაადეკვატურ ქმედებებზე საუბრობენ.

 „არცერთი ის გეგმა, რომელიც დასახა დღევანდელმა მთავრობამ, არ მოიტანს არც ლარის გამყარებას და არც ეკონომიკის ზრდას. ამავე მიზეზით არის გამოწვეული, რომ ლარი ვერ სტაბილურდება. იყო ახალი წლების წინა პერიოდში ლარის გამყარება და შემდგომ ისევ დაიწყო გაუფასურება და სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ თებერვალი-მარტისკენ კიდევ უფრო ცუდი პროცესებისკენ წავა ლარი“, - აცხადებს ენმ-ის წევრი ლაშა დამენია.