პოლიტიკა
ტრამპმა მთავარ მრჩევლად თავისი სიძე ჯარედ კუშნერი დანიშნა

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სიძეს ერთ–ერთი მთავარი მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა თეთრ სახლში..

 35 წლის ჯარედ კუშნერი აქტიურად მონაწილეობდა ტრამპის საარჩევნო კამპანიაში. ის ინტერნეტსტრატეგიით იყო დაკავებული.

 შეთავაზებულ პოსტზე მას საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებით დაკავება მოუწევს.

 კუშნერს, ტრამპივით, სახელმწიფო მართვის გამოცდილება არა აქვს.

 აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავენ და თეთრი სახლის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე მისი სიძის, ჯარედ კუშნერის დანიშვნის გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვენ. აშშ-ის კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა წერილში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება 1967 წელს მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება. ეს კანონი თეთრი სახლის ყველა თანამშრომელზე ვრცელდება და ახლო ნათესავების დანიშვნას ეხება. „დემოკრატიული პარტიის“ წევრები ასევე აცხადებენ, რომ კუშნერის დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს და მან, შესაძლოა, ისეთ გადაწყვეტილებებს დაუჭიროს მხარი, რაც მის ბიზნესინტერესებს შეესაბამება.

 ამასთანავე, კუშნერის ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი დანიშვნა არც ერთ კანონს არ ეწინააღმდეგება. როგორც ადვოკატმა ჯეიმი გორელიკმა განაცხადა, კუშნერი დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის შეწყვეტას და გაზეთ “New York Observer”-ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას გეგმავს.