უცხოეთი
ლე პენის პრესმდივანმა ყირიმის შესახებ მის სიტყვებზე უკრაინის რეაქციას კომენტარი გაუკეთა

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters ფრანგი პოლიტიკოსის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

 „მარინ ლე პენი არ აპირებდა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. აღნიშნული საკითხი დიპლომატიური გზით გადაიჭრება მას შემდეგ, რაც მარინ ლე პენი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდება“, - ციტირებს სააგენტო მარინ ლე პენის წარმომადგენლის სიტყვებს.

 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს და „ეროვნული ფრონტის“ პარტიის ლიდერს მარინ ლე პენს ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა უკრაინაში შესვლა აუკრძალონ, - განაცხადა გუშინ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ალექსანდრ ტკაჩუკმა.

 მისივე თქმით, ვინაიდან ლე პენი საფრანგეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ ზომების მიღება მხოლოდ უშიშროების სამსახურზე დამოკიდებული არ არის და გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც იღებს.

 ფრანგულ ტელეარხისთვის BFMTV მიცემულ ინტერვიუში ლე პენმა განაცხადა, რომ არ თვლის ყირიმის რუსეთთან შეერთებას არაკანონიერად და არ ხედავს ყირიმში 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს.

 „არ ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა არაკანონიერ ანექსიას. ჩატარდა რეფერენდუმი, ყირიმის მოსახლეობას სურდა რუსეთთან შეერთება“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.