უცხოეთი
პენსმა აშშ–ის პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის პირველი გადაწყვეტილება დაასახელა

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა დაასახელა პირველი საკითხი, რომელსაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ დღეებში გადაჭრის.

 მისი თქმით, აღნიშნული აშშ-ში ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებას ეხება, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც Obamacare.

 „პირველი ამოცანა იქნება მიცემული დანაპირების შესრულება - Obamacare-ს გაუქმება და მისი იმ რეფორმით ჩანაცვლება, რომელიც უზრუნველყოფს დაზღვევის ღირებულების შემცირებას მთავრობის მხრიდან ხარჯების გაზრდის გარეშე“, - განაცხადა აშშ-ის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა.

 თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ აღნიშნული რეფორმის გაუქმება ქაოსს გამოიწვევს.

 „ხალხი, რომელთაც სურთ Obamacare-ს გაუქმება, თავიანთ თავზე პასუხისმგებლობას აიღებენ შემდგომ ქაოსზე. „დემოკრატები“ მხარს არ უჭერენ აღნიშნულ ინიციატივას და არც უნდა დაუჭირონ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

 გუშინ აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა მაიკ ენცმა ჯანდაცვის რეფორმის გაუქმების რეზოლუცია წარადგინა.

 „ეს ინსტრუქციები კომიტეტებს წარედგინა, რათა გამარტივდეს კანონის გაუქმების პროცესი და კანონპროექტი ახალ პრეზიდენტს რაც შეიძლება მალე გადაეგზავნოს“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

 ჯანდაცვის რეფორმა (Obamacare) 2010 წელს მიიღეს და დაბალი შემოსავლის ჯგუფებისთვის სამედიცინო დაზღვევის სუბსიდირებას ითვალისწინებს. ამავდროულად, ყველა ამერიკელი ვალდებული გახდა სამედიცინო დაზღვევა შეიძინოს. გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების თითქმის ნახევარი მხარს უჭერს ამ რეფორმის გაუქმებას. თუმცა, აღნიშნული რეფორმის მეშვეობით დაახლოებით 20 მილიონმა ადამიანმა პირველად მიიღო სამედიცინო დაზღვევა.