პოლიტიკა
ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების რიცხვშია

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ბრიტანული გაზეთის Sunday Times-ის ვერსიით,  ქართველი მილიონერის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალების 2016 წლის სიაში მოხვდა, - იუწყება ახალი ამბების პორტალი Business Insider.

 გუდავაძე 650 მილიონი გირვანქა სტერლინგის ქონებით რეიტინგში 28-ე ადგილზეა. სულ სიაში დიდი ბრიტანეთის 31 წარმატებული ქალია წარმოდგენილი.

 გამოცემა აღნიშნავს, რომ ინა გუდავაძემ ქონება იმ ბიზნესის წყალობით დააგროვა, რომელიც 2008 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ერგო. ეს არის ტელეკომპანიები, კაზინოები, ოქროს მაღაროები, ნავთობის საბადოები.

 გუდავაძის გარდა, სიაში აღმოჩნდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორიცაა ჰარი პოტერზე წიგნების სერიის ავტორი ჯოან როულინგი (600 მილიონი გირვანქა სტერლინგი), მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა (729 მილიონი გირვანქა სტერლინგი), პოლ მაკარტნის მეუღლე ნენსი შეველი (760 მილიონი გირვანქა სტერლინგი), მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი (2.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი). სიის სათავეშია ყოფილი “მის დიდი ბრიტანეთი”, შვეიცარიელი ბიზნესმენის ერნესტო ბერტარელის მეუღლე კირსტი ბერტარელი. მისი ქონება 9.8 მილიარდ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული.

 ინა გუდავაძე და ბადრი პატარკაციშვილი 1979 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - ლიანა და ია. პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში ლონდონში გარდაიცვალა.