პოლიტიკა
ჩინეთისთვის საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა, სადაც ძირითადი ეკონომიკური მოვლენების რიცხვში საქართველო–ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც მოხვდა.

 „ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის საქართველო რეგიონში წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს. აღსანიშნავია ექსპორტის კუთხით ის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ჩინეთთან დაფიქსირდა - ეს არის თითქმის 50%-ზე მეტი ზრდა. იმ პროდუქციებს შორის, რომელზეც დაფიქსირდა ექპორტის ზრდა, მნიშვნელოვანია ღვინო. ის თითქმის 100%-ით არის გაზრდილი. 2016 წლის მონაცემებით, ჩინურ ბაზარზე 5 300 000 ბოთლი გავიდა“, - აღნიშნა არველაძემ.

 „46%-იანი ზრდა გვაქვს ტურიზმშიც - დაახლოებით 14 000 ტურისტი შემოვიდა ჩინეთიდან. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო პირდაპირმა ფრენებმა, რომელიც 23 სექტემბრიდან დაინიშნა პეკინის მიმართულებით - თბილისი-ურუმჩი-პეკინი“, – განაცხადა მან.

 ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება 2016 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა. სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ,  თებერვალ-მარტში ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.