პოლიტიკა
"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით დაპირისპირება გრძელდება

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატები ავრცელებენ განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს მიერ 30 ნოემბერს მიღებული ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე პარტიული ყრილობისა და დელეგატების შერჩევის წესის” თანახმად, ყრილობის დელეგატების რაოდენობა 7 000-ით განისაზღვრა. ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეარჩევს პარტიის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარე და საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება შეთანხმება პარტიის რაიონულ/საქალაქო თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, ყრილობის დელეგატების დასადგენად მოწვეული უნდა იქნას რაიონული კონფერენციები. დღეისთვის არ არის განსაზღვრული, როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად პარტიული კონფერენციების მოწვევა, ყრილობის დელეგატების შერჩევა, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. ზოგიერთ რაიონში დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეთავაზებულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არარსებობის მიზეზით. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევებით შექმნილი ”საორგანიზაციო კომისიისა” და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება”, - ნათქვამია ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.