საზოგადოება
პრემიერი კვირიკაშვილი აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს ჯონ მაკკეინსა და სენატორებს ლინდსი გრეჰემს და ემი კლობუჩარს შეხვდა

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილმა აშშ–ის სენატის წევრებს ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. "ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში", - განაცხადა პრემიერმა.

 საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს, სენატორების თქმით, აშშ დიდად აფასებს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას.

 შეხვედრის დასასრულს ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.