აქტუალური
ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პრემიერ-მინისტრის მცდელობები ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით – სენატორი ლინდსი გრეჰემი

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, რომელმაც ჯონ მაკკეინთან და ემი კლობუჩართან ერთად, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მასპინძლობით, საქართველოს ტექნოპარკი დაათვალიერა, ახალგაზრდებს ახალი წელი მიულოცა.

 „ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პრემიერ-მინისტრის მცდელობები ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით. მე სენატორ მაკკეინთან ერთად წინათაც ბევრჯერყოფილვარ საქართველოში - ის საქართველოს მხარდაჭერის კუთხით კონგრესის ჩემპიონია. ისინი, ვინც თავისუფლებას აფასებენ, აფასებენ საქართველოს. გილოცავთ ახალ წელს!”, - აღნიშნა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა.

 პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის.

 „მინდა,  დიდი მადლობა გადაგიხადოთ ახალი წლის საქართველოში გატარებისთვის. ეს, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ძალიან სწორი მომენტია, რათა ჩვენ განვაგრძოთ სწრაფვა ევროპის, ნატოსა და ზოგადად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-სა და თქვენს ელჩს - ჩვენს მეგობარს იან კელის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უდიდესი დახმარებისთვის. დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ პრეზენტაციის ორგანიზებისთვის. ეს პროექტი შეცვლის ქვეყნის მომავალს. ეს პროექტი შეცვლის ახალგაზრდა თაობის მსოფლმხედველობას”, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.