პოლიტიკა
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ამ მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ.

 „2017 წელს სრულდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავი; ასევე არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადების 85 წლის იუბილე. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ მთავრობის, საპატრიარქოს და საზოგადოების წარმომადგენლები და განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. განსაკუთრებულ აღნიშვნაში იგულისხმება რამდენიმედღიანი ღონისძიებები, ასევე, ვფიქრობთ, ჩავატაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია და დავპატიჟოთ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის პოლიტიკოსები. პატრიარქის, როგორც მოღვაწის მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ვფიქრობთ, ეს დღე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. საქართველოს ეკლესიის როლი ისტორიულად იყო და არის განსაკუთრებული როგორც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნების, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.