აქტუალური
ჩვენი მიდგომაა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნეს დაცული – კახა კახიშვილი

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 „არის შემთხვევები, როცა პატიმრები განცხადებებს წერენ. ეს განცხადებები უმეტესად განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან იწერება, რათა შეგნებულად შექმნან სურათი, თითქოს ვიღაც მათი უფლებების შელახვას ახდენს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ყურადღება მიიქციონ და მერე გევაჭრონ, რომ ღია ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანო. კანონის მოთხოვნა არსებობს როგორც პატიმრის, ასევე თანამშრომლის მიმართაც. ვალდებულება და უფლება აქვთ როგორც თანამშრომლებს, ასევე - პატიმრებს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

 მისი თქმით, სისტემაში ახალი მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება სასჯელის 3/4-ის მოხდის შემდეგ ეხებათ, იქნება საშუალება, 2/3-ის მოხდის შემდეგ მათ შინაპატიმრობა შეეხოთ.

 „თუ ეს კანონპროექტი მიღებულ იქნა, ადამიანს მივცემთ საშუალებას, 2/3-ში პირობით ვადამდე ადრე ციხიდან შინაპატიმრობით გათავისუფლდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები ისეთი კონტროლის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანი მაინცდამაინც ციხეში არ გამოკეტო”, - განაცხადა მინისტრმა.