უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერის შესახებ ბრალდებებს სასაცილო უწოდა

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებები საერთაშორისო კოალიციის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” მხარადჭერის შესახებ. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა რეჯეპ ტაიპ ეროღანის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს სასაცილო უწოდა.

 აშშ-ის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია.

 ამას გარდა, ტონერმა უარყო რუსეთის განცხადება აშშ-ის მიერ სირიელი ამბოხებულებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექების მიწოდების შესახებ.

 “ჩვენ არ ვაწვდით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს სირიულ ოპიზიციას, ჩვენ უკვე გვსმენია მსგავსი განცხადებები და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მსგავსი ტიპის იარაღი შესაძლოა, სირიაში მოხვდეს”,  - განაცხადა მარკ ტონერმა.

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მას აქვს იმის მტკიცებულებები, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უჭერენ მხარს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს".