სამართალი
საია-ს მორიგი წარმატებული საქმე

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი.  საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ვეგან-აქტივისტ ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2016 წლის 5 ნოემბერს ზედაპირული დათვალიერების მიზნით გააჩერეს, მოგვიანებით კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

 ირაკლი კიკილაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 11 ნოემბერს განიხილა და საქმე შეწყვიტა სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო.

 სასამართლომ განმარტა, რომ „უნდა არსებობდეს ობიექტურად აღქმადი, იმგვარი გარემოება, რაც პოლიციის თანამშრომელს გაუჩენს ეჭვს, ვარაუდს, რომ არსებობს გარემოება, რაც აღჭურავს პოლიციის თანამშრომელს უფლებამოსილებით, ზედაპირულად დაათვალიეროს პირი“.

 საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ არ დადასტურდა ობიექტურად აღქმადი გარემოების არსებობის ფაქტი, რომელზე დაყრდნობითაც აუცილებელი და გამართლებული იქნებოდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა, მისი ზედაპირული დათვალიერება. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში.