პოლიტიკა
გიგა ბოკერია: მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდი ტალახს ისვრის და სამარცხვინოდ იქცევა

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ეს ძალიან ცუდი, ბინძური კამპანია. ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას. ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ეს კამპანია გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით“, - აღნიშნა ბოკერიამ.

 მისივე თქმით, დავით ბაქრაძეს ჰქონდა გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეეცვალა.

 „ჩვენ ვხვდებით ჩვენს რიგით წევრებს და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გავაკეთოთ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლისათვის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები, გასაღები არის ერთი ადამიანის ხელში, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.