აქტუალური
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებს გენერალური შტაბის უფროსი სამხედროებს პირადად აცნობს

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი შეხვედრა სამხედროებთან დასავლეთ საქართველოში გამართა. ქუთაისში, III მსუბუქ ქვეით ბრიგადაში ყოფნისას გენერალური შტაბის უფროსმა სამხედროებს  შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია ძირითადად უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება. ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება, ხოლო გამოთავისუფლებული სახსრები სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება. რეფორმის უმთავრეს მიზანს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება წარმოადგენს.

 საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის მიზნით, გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობის ყველა სამხედრო ქვედანაყოფს ესტუმრება და მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.