აქტუალური
ტუ-154-ის კატასტროფის ძირითად მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ-154-ის კატასტროფის ძირითად მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება. ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება. როგორც საგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ტექნიკური გაუმართაობის ვერსია ამჟამად პრიორიტეტულია. ამასთან, “ინტერფაქსის” ცნობით, ტერაქტის ვერსია პრაქტიკულად გამოირიცხა.

 თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმფრინავს პირველი კლასის მფრინავი რომან ვოლკოვი მართავდა.

 რუსეთის თავდაცვის უწყებამ უკვე გამოაქვეყნა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების სია. მათ შორის არის ცნობილი რუსი ჰუმანიტარული აქტივისტი ელიზავეტა გლინკა, რომელიც ცნობილია სახელით “დოქტორ ლიზა”. მისმა მეუღლემ უკვე დაადასტურა, რომ გლინკა აღნიშნული რეისით მიფრინავდა.

 მგზავრებს შორის უმრვალესობას ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის მუსიკოსები წარმოადგენენ. ბორტზე ანსამბლის 68 წევრი იმყოფებოდა. ამასთან, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, რუსული პირველი არხის, ტელეკომპანია НТВ-ს და “ზვეზდას” გადამღები ჯგუფები.

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბორტზე მყოფთა ოჯახის წევრებს ავიაკატასტროფის გამო უკვე მიუსამძიმრა.

 თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული მონაცემებით, შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ  84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი სოჭიდან სირიის ლატაკიაში მიფრინავდა. მუსიკოსებს ჰმეიმის რუსუ ავიაბაზაზე მყოფი სამხედროებისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ.

 ლაინერი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც შავი ზღვის რუსული აკვატორიის თავზე მანევრს ასრულებდა.