უცხოეთი
ქართველი ლამაზმანი „მის სამყარო 2016“-ზე სათანადოდ არ შეაფასეს

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორია კოჩეროვა აშშ-ში გამართულ სილამაზის კონკურსზე „მის სამყარო 2016“ ოცეულშიც ვერ მოხვდა.

 „მის სამყარო 2016“-ის კონკურსის გამარჯვებული პუერტო-რიკოს წარმომადგენელი სტეფანი დელ ვალე გახდა. კონკურსის ფინალი 18 დეკემბერს ვაშინგტონთან ახლოს, პატარა ქალაქ ოქსენ-ჰილში გაიმართა. 19 წლის გოგონას გვირგვინი შარშანდელმა გამარჯვებულმა, ესპანელმა მირეი ლალაგუნამ გადასცა.

 მეორე ადგილი და პირველი ვიცე-მისის ტიტული დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა იარიტზა მიგელინა რეიეს რამირესმა მიიღო, მასამე ადგილი და მეორე ვიცე-მისის ტიტული კი ინდონეზიელ ნატაშა მანუელას ერგო, იუწყებიან ორგანიზატორები.

 პირველ ხუთეულში ასევე შევიდნენ კენიისა და ფილიპინების წარმომადგენლები — ეველინ ნჯამბი ტანგუ და კატრიონა გრეი. ლამაზმანების ტოპ-ოცეულში შევიდნენ ავსტრალიის, ბელგიის, ბრაზილიის, უნგრეთის, განას, დომინიკის რესპუბლიკის, ინდოეთის, ინდონეზიის, კენიის, ჩინეთის, სამხრეთი კორეის, კუკის კუნძულების, მონღოლეთის, პუერტო-რიკოს, სლოვაკეთის, შეერთებული შტატების, ტაილანდის, ფილიპინების, საფრანგეთისა და იაპონიის წარმომადგენლები. სულ კონკურსში 117 გოგონა მონაწილეობდა.