საზოგადოება
გასაკვირი იქნებოდა, რუსები არ იყენებდნენ ამ ფაქტორს! - რუსოფობმა თეოლოგმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ დაპირისპირებაში „რუსეთის ხელი“ შენიშნა...

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე “კურიერთან”თეოლოგმა ლევან აბაშიძემ ისაუბრა.

 მისთვის ორი მღვდლის მწვალებლობაში დადანაშაულება მიუღებელია. იქვე თეოლოგმა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს” კონსერვატიული და რეაქციული ძალა უწოდა.

 "რატომ იყო იერიში ამ ორ მღვდელზე? იმიტომ, რომ ისინი არიან საკმაოდ ახალგაზრდა, განათლებული მღვდლები, ჰყავთ დიდი მრევლი და საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა აბაშიძემ.

 თეოლოგმა რუსეთის ფაქტორზეც ისაუბრა. "რუსეთმა იმდენად გაიფუჭა საქართველოსთან საქმე, რომ ერთადერთი მათი დასაყრდენი შეიძლება იყოს მართლმადიდებელი ეკლესია. გასაკვირი იქნებოდა, რომ რუსები არ იყენებდნენ ამ ფაქტორს... მათი დასაყრდენი იქნება ყველაზე კონსერვატიული და ანტიდასავლური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი ცუდი მოდის დასავლეთიდან, ჩვენ უნდა ტრადიციებს მივხედოთ და ვინ არის აქ ჩვენი დასაყრდენი? - რუსეთი“, - განმარტა აბაშიძემ.

 სასულიერო პირებს შორის 3 კვირის წინ გაჩენილი დაპირისპირება გუშინ 46 მღვდელმთავარმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სინოდის კრებაზე განიხილეს.

 როგორც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა, სასულიერო პირთა შორის 3 კვირის წინ, სხვადასხვა მიზეზებით წარმოქმნილი დაპირისპირება – სვეტიცხოველში „ერეტიკოსი“ რომის პაპის საზეიმო მიღების გამო პროტესტი, პატრიარქის პირად დაცვასთან კონფლიქტი, მისი მდივან–რეფერენტის შეუზღუდავი ძალაუფლება და პატრიარქის სიცოცხლეში პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა – გუშინ წმიდა სინოდის სხდომაზე განიხილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ და 46 ეპისკოპოსმა. თუმცა, უწმიდესმა და უნეტარესმა, მისთვის დამახასიათებელი „მტკიცე სულგრძელობით“, სხდომის დასაწყისშივე აღკვეთა აბობოქრებულ ეპისკოპოსთა მცდელობები, წამოეწიათ არასასურველი, სინოდის მაკომპრომეტირებელი სკანდალური თემები.