აქტუალური
ევროპის პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

  საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

 პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საბჭო უფლებამოსილებას გასცემს ევროპოლის დირექტორზე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით ჩამოვა.

 აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება. საქართველოს შსს მონაწილეობას მიიღებს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ევროპის პოლიციის სამსახურთან უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვლის ოპერატიულ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს, ევროპოლისგან მიიღებს ანალიზზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან საპოლიციო ინფორმაციას, ასევე, ევროპოლის შტაბბინაში წარგზავნის მეკავშირე ოფიცერს, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო და ეფექტიანი კავშირის დამყარებას უზრუნველყოფს.

 ევროპოლის ოპერატიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში.