პოლიტიკა
საქართველო რუსეთ-თურქეთს შორის არა მეტოქეობის, არამედ თანამშრომლობის ასპარეზია! - ირაკლი მჭედლიშვილი

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი მჭედლიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 მისი თქმით, რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ინტერესები საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული.

 „სირიასთან მიმართებაში მათი საერთო ინტერესია, სირია ერთიანი სახელმწიფო იყოს და ასადს საფრთხე არ შეექმნას. თურქეთისთვის ქურთისტანის დამოუკიდებლობა ძალიან მწვავე საკითხია. ქურთები ერთ-ერთი ოპოზიციური ძალაა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა თანაუგრძნობს და ასადის წინააღმდეგ ერთ-ერთ ოპოზიციურ ძალად განიხილავს. ამან პოტენციურად შესაძლებელია, ქურთისტანის სირიიდან გამოყოფა გამოიწვიოს, რამაც შესაძლოა, თურქეთში ჯაჭვური პროცესი გამოიწვიოს. რუსეთისა და თურქეთის საერთო ინტერესს განსაზღვრავს, ერთი მხრივ, რუსეთის ინტერესი, რომ სირიაზე ასადის კონტროლი შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი თურქეთის ინტერესი, ქურთისტანის დამოუკიდებლობა არ დაუშვას“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა. 

 როგორც მან აღნიშნა, რუსები და თურქები ქართულ ეკონომიკაში ძალიან ძლიერად არიან წარმოდგენილი.

 „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოც კი არა მათი მეტოქეობის, არამედ თანამშრომლობის ასპარეზია. ისტორიული აზროვნების ინერციამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს“, - განაცხადა ირაკლი მჭედლიშვილმა.