აქტუალური
თუ კურსი 1 დოლარზე 3 ლარს გადააჭარბებს, კვირიკაშვილის და მისი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება! - ინაშვილი

  საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ლარი გაუფასურებას განაგრძობს, “ქართულ ოცნებაში” კი ამტკიცებენ, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

 „ლარის კურსის რყევების მიზეზი სწორედ მცირე ეკონომიკის ქონაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით გავზარდოთ. ამისთვის არის ჩადებული ყველა ის ზომა 2017 წლის ბიუჯეტში, რომელიც ამ ზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 “ნაციონალური მოძრაობა” კი არსებულ კრიზისზე და ხელისუფლების არაადეკვატურ ნაბიჯებზე საუბრობს.

 „იმის მაგივრად, რომ გადასახადები შეემცირებინათ და ეკონომიკურ ზრდაზე აეღოთ აქცენტი, ვერ ელევიან საკუთარ კეთილდღეობას, დანამატებს, ბიუჯეტს არ კვეცავენ. სამაგიეროდ, ზრდიან გადასახადებს, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 “პატრიოტთა ალიანსი” პრემიერისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

 „ხელისუფლება და მისი ეკონომიკური გუნდი არაკომპეტენტურია მართოს და დაარეგულიროს კრიზისული ვითარება. მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა არის ჰაერი. ჩვენი პროგნოზია, რომ გადააჭარბებს სამ ლარს, ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დადგება ეკონომიკური გუნდის და ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.