პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი არავითარ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, წლის ბოლომდე კომისია მუშაობას შეუდგება – ირაკლი კობახიძე

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 „მიმდინარე კვირის ხუთშაბათს (დღეს–რედ.) დადგენილება, სავარაუდოდ, სესიაზე გავა და ხუთი დღის ვადაში კანდიდატების წარმოდგენას შესაბამის სუბიექტებს ვთხოვთ, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ კომისიის პირველი სხდომა წლის ბოლომდე გავმართოთ", - აღნიშნა კობახიძემ.

 მისივე თქმით, კომისიის მუშაობის ფარგლებში 60 ადამიანი იქნება ჩართული (მათ შორის, ე. წ. არასაპარლამენტო ოპოზიცია, ენ–ჯე–ოები და ექსპერტები – რედ).

 „ფართო კონსენსუსის საფუძველზე კონსტიტუცია უნდა გადავსინჯოთ. დღევანდელ ტექსტში ბევრი ხარვეზია, რომელზეც ვენეციის კომისია გარკვევით საუბრობდა. ჩვენი ამოცანაა, კონსტიტუცია დავხვეწოთ და ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც დროს გაუძლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.