პოლიტიკა
ეს იქნება საქართველოს აზერბაიჯანიზაციის პირდაპირი მცდელობა! - ანა ნაცვლიშვილი

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი გამორიცხავს, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესული იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს – ჯარიმიდან პატიმრობამდე, საქართველოში რეალურად განხორციელდება. მისი თქმით, ეს იქნება საქართველოს აზერბაიჯანიზაციის პირდაპირი მცდელობა, რადგან მსგავსს ადგილი აქვს აზერბაიჯანში, რუსეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

 “კურიერის” პირდაპირ ეთერში ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ სხვისი ღირსების დაცვის მოტივით შემოღებული კანონმდებლობა გამოყენებული იქნება კრიტიკული აზრის გასაჩუმებლად, მათ შორის, ჟურნალისტებისა და ენ–ჯე–ოების მხრიდან.

 "იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო დონეზე საფრთხე დაემუქრა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამხოლოდ საია-მ, არამედ ყველა აქტივისტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მისი თავისუფლებების შეზღუდვისკენ მიმართული ქმედება იქნება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.